THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Tuesday, July 15, 2008

მამაო ჩვენო

\"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...\" ქრება შუქი, ისევე როგორც კინოთეატრში. ეკრანი... ეკრანი რატომღაც გრძელდება... დარბაზში მარტო მე. მე ვარ დაჩოქილი. \"წმინდა იყავნ სახელი შენი...\" ეკრანი? არა, ეკრანი აღარ. უკვე გზა. გზა მიდის ზევით. რეისი? დედამიწა-სამოთხე? (მე ვინ მიმიშვებს სამოთხეში...) \"მოვედი სუფევა შენი...\" ეს უკვე გზაა. გზა არსაითკენ. თუმცა იქნებ სწორედ ეს \"არსაითკენ\" არის ყველაზე კონკრეტული ადგილი მთელ სამყაროში? \"არსაითკენ\" ეს ხომ სახელია, საგანი კი იქნებ სხვაა... გზა წვრილდება. \"იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა...\" \"შეუცნობელ არს გზანი შენნი უფალო...\" ძნელდება... ბილიკდება... ჩემ ირგვლივ ნათელი გროვდება... მე მონა ვარ შენი უფალო... პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს...\" გზის ბოლოს თვალი გავაწვდინე და სასოწარკვეთილებამ დადაღა გული ჩემი: დიდი წითელი ხაზი!.. ორი დიდი შუბოსანი... გაიყო მატერიალური და სულიერი სამყარო პურით!!... (იქნებ ეს პური კი არაა ლოცვაში არამედ...?!) პურის საშოვნელად გვავიწყდება ლოცვა, თუმცა სხვა რაღაც გვახსოვს... და სწორედ ამიტომ: გზაში ჩნდება ხარვეზები... ბევრი, ბევრი... ზოგი წითელი, ზოგიც შავი... მეტეორიტებს რომ გვანან, ისეთები... დიდი წვეტიანი მეტეორიტი ზურგში ჩამერჭო... მე დაჭრილი ვარ... \"და მოგვიტევენ თანანადებნი ჩვენნი...\" ცოდვების საზღაურად მივიღე მე ის ხმისამოუღებლად... ჩემ წინ გაჩნდა: დოლარი, ჩემი ავტოგრაფი, გვირგვინი... და მე შევიცანი ისინი: ჩემი სისუსტეები!!! გამეხარდა... ჩემს სისუსტეებს თვალი არ დავუხუჭე... \"ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთ თანამდებთა მათ ჩვენთა...\" და მე დავიწყე ლოცვა... \"უფალო შეგვიწყალენ...\" მივხვდი, ეს გზა იყო შესაძლებლობა მომენანიებინა ჩემი ცოდვები ღვთის წინაშე... ვლოცულობდი და ვგრძნობდი: გზაზე მეტეორიტები მატულობდა, ჩემს სხეულზე_ ჭრილობები... სისხლმა დამიფარა კანი... თვალი არ გამიხელია... ჩემ დაბლა სიშავე გამოჩნდა.მივხვდი, რომ ზევით ვიყავი ასული... მე უკვე სინათლეში ვიდექი, მერე იყო მეტეორიტებით სავსე გზა და ბოლოს მბრწყინავი ბურთი, სადაც კაცის სახე მოჩანდა, ვერ გავიგე დახუჭული ჰქონდა თვალები თუ გახელილი... მე მივხვდი: ის იყო ერთი... დიადი... მიუწვდომელი... გზის აქეთ-იქით ჩაიქროლეს ტალღებმა. ისინი იყვნენ რადიოტალღები. ჩემს ცხოვრებას გადასცემდნენ, ოღონდ ვის, ვერ გავიგე... \"და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა...\" ო, მე აღარ მინდოდა უკან დაბრუნება, სასიამოვნო მწვანე ნიავი უბერავდა. ამ ნიავმა მომირჩინა მე ჭრილობებიც... თვალები გავახილე, სიამოვნება ჩაიღვარა ჩემს სულში... მე დამავიწყდა ჩემი მოვალეობა. შევწყვიტე ლოცვა... \"არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან...\" სამკუთხედებზე გამოსახული საშინელი სახეები ღრიალებდნენ და მოსვენებას არ მაძლევდნენ, არ მიშვებდნენ გზაზე, ხელებში მეჭიდებოდნენ... მივხვდი, ლოცვა არ უნდა შემეწყვიტა და ისევ განვაგრძე: \"...და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან...\"
ამინ!

0 comments: